POLITICO: ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს

ევროკავშირის ლიდერები

ევროკავშირის ლიდერების სამიტი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობებმა, რომლებიც შვიდწლიანი ბიუჯეტის შემცირებას ითხოვდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დემარში მოუწყვეს და მოლაპარაკებების სესიები დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაზარდა წნეხი კოშტაზე, რომელსაც ევროკავშირის 27 მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა ევალება და წლის ბოლომდე დადებითი შედეგის მიღწევას თავგამოდებით ცდილობს.

„ამდენი ძალისხმევა, ამდენი პოლიტიკური პომპეზურობა, ამდენი ხმამაღალი განცხადება და შედეგად სრულიად არაფერი“, - დაწერა პლატფორმა X-ზე ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ.

კოშტას ხუთშაბათის სამიტი შეთანხმების მისაღწევად არ მოუწვევია. მისი მიზანი მხარეების ერთმანეთთან დაახლოება და ორ მთავარ მოწინააღმდეგე ბანაკს შორის არსებული უთანხმოების დაძლევა იყო: ერთ მხარეს არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია, რომლებსაც უფრო დიდი ბიუჯეტი და ევროკავშირის „ტრადიციული“ ხარჯების შენარჩუნება სურთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და შედარებით ღარიბი რეგიონები. მეორე მხარეს კი - გერმანიისა და შვედეთის მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ბლოკისგან ამბიციების შემცირებასა და ინვესტიციების თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე გადამისამართებას ითხოვენ.

თუმცა ლიდერების მცირე ჯგუფებში გამართული მრავალსაათიანი შეხვედრების შემდეგ, ბიუჯეტის შეკვეცის მომხრე რამდენიმე ქვეყანამ - დანიამ, შვედეთმა, ბელგიამ და ავსტრიამ - შეხვედრა დატოვა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეს მეთოდი მათ ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ისახავდა მიზნად.

„აშკარა იყო, რომ ეს ჩვენი გახლეჩისა და შვიდივეს რაიმე საჩუქრით მოსყიდვის მცდელობა გახლდათ“, - განაცხადა დიპლომატმა იმ ქვეყნიდან, რომელიც ბიუჯეტის შემცირებას ითხოვს. „ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა. ეს რეალური დისკუსია არ ყოფილა“.

კოშტამ უარი თქვა სამიტის მეორე დღეს გაგრძელების გეგმაზე და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ღამის პირველ საათზე გამართული შემაჯამებელი პრესკონფერენცია სულ რაღაც 11 წუთამდე შეამცირა.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი შეთანხმების მიღწევას ახლა დეკემბრის სამიტზე შეეცდება, რომელიც, არაერთი დიპლომატისა და ოფიციალური პირის თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღესა და ღამეს გაგრძელდება.

✕