1775159088
POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება
პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანში დარჩენილი ობიექტები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ან მიწისქვეშ, დაცულ ბუნკერებშია განლაგებული, სადაც სახმელეთო ოპერაციის გარეშე მისვლა შეუძლებელია.
„შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა იმ სამიზნეების სიაზე, რომელთა მნიშვნელობა თანდათან კლებულობს და მწყობრიდან გამოვიყვანოთ ისინი მანამ, სანამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მთავრობაზე სრულ კონტროლს არ დაამყარებს და არ იგრძნობს, რომ აშშ-ს წინააღმდეგ წმინდა ომის წარმოება უსასრულოდ შეუძლია. ტრამპს უბრალოდ გასვლა არ შეუძლია. თუ ის გავა, მას დამცირება ელის, ხოლო, თუ დარჩება, ჩიხში აღმოვჩნდებით“, - განუცხადა გამოცემას პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
POLITICO-ს ცნობით, შედეგად, აშშ-მა, შესაძლოა, „მუდმივი წერტილოვანი დარტყმების“ სტრატეგია აირჩიოს და ისრაელის მსგავსად მკაფიო მიზნის გარეშე ირანის დაბომბვა გააგრძელოს. თუმცა, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, ხოლო თეირანს მთავარი კოზირი, რომელიც ენერგეტიკული დერეფნების კონტროლს გულისხმობს, ხელში მაინც ექნება.
დამატებით რისკს ქმნის ომის შესაძლო ესკალაცია. როგორც გამოცემა წერს, დარჩენილი სამიზნეების გასანადგურებლად აშშ-ს ირანში ჯარების შეყვანა დასჭირდება, რაც დანაკარგებით, აშშ-ში პოლიტიკური კრიზისით და დროში გაწელილი ომით დასრულდება.











