შალვა პაპუაშვილი: ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია

 შალვა პაპუაშვილი

ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, უცხოეთის დავალებით მოიპოვონ ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების ლუსტრაცია.

„შეგახსენებ, ეკა გიგაური არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. დღეს ისინი ფორმალურადაც არიან უცხო ქვეყნის ინტერესით მოქმედი ჯგუფები. სინამდვილეში, ახალი არაფერია, საქართველოს ისტორია ვისაც აქვს კარგად ნასწავლი, ისტორიულად ასე ხდებოდა. ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნების თუ იმპერიების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები, რათა იქ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში, ეს იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ, რომ სხვადასხვა თანამდებობა მიეღოთ. ზოგიერთისთვის დღეს ეს არის ჰააგა და ბრიუსელი. ეს არის ლუსტრაცია უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების. ამით ნათელს ხდიან საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.