პიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ დაემორჩილება

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ვაშინგტონში ყოფნისას მკაცრი განცხადება გააკეთა „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მოწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, უნგრეთის მთავრობამ უკვე გადადგა საჭირო ნაბიჯები და არ აპირებს დათმობაზე წასვლას უკრაინის მხრიდან განხორციელებული შანტაჟის ფონზე.

სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ენერგეტიკულ პოლიტიკას ქვეყნის სუვერენიტეტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, ქვეყანა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა გარე ჩარევას ენერგომომარაგების საკითხებში.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მზად, არსებული იაფი ენერგიის წყაროები უფრო ძვირი ალტერნატივებით ჩაგვენაცვლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახებს სამჯერ მეტის გადახდა მოუწევთ, ხოლო საწვავის ფასმა შესაძლოა ლიტრზე 1000 ფორინტს მიაღწიოს“, - განაცხადა მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, „დრუჟბის“ მილსადენი ტექნიკურად გამართულია, ხოლო უკრაინა მოწოდებას პოლიტიკური მიზეზებით ბლოკავს. სიიარტოს აზრით, კიევი ცდილობს უნგრეთზე ზეწოლას ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება; ომში უნგრეთის ჩართულობა; ფინანსური მხარდაჭერის პაკეტები.

მინისტრმა დაასკვნა, რომ სანამ უკრაინა პოლიტიკურ შანტაჟს გააგრძელებს, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის არცერთ გადაწყვეტილებას - იქნება ეს სანქციები თუ სხვა ინიციატივები - რომელიც უკრაინის ინტერესებს ემსახურება.