პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის

პიტერ მადიარი

უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის და გაწევრიანების პროცესი საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბუდაპეშტი უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მხოლოდ იმ საბაზისო უფლებების უზრუნველყოფას ითხოვდა, რაც მათ მშობლიურ ენაზე საუბრის შესაძლებლობას მისცემდა. უკრაინა ამ მოთხოვნას დათანხმდა და შესაბამისი შეთანხმებაც მიიღო, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული, თუმცა, მადიარის განცხადებით, ამ დრომდე პრაქტიკული შედეგი არ დამდგარა.

„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის - შესაძლებლობას, გამოიყენოს საკუთარი ენა. უკრაინა ამას დათანხმდა და მიიღო შეთანხმება, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ხდება“, - განაცხადა მადიარმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია უცვლელია: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მხოლოდ ქვეყნის რეალური მიღწევებისა და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. გამონაკლისი ან დაჩქარებული პროცედურები დაუშვებელია.

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები ცდებიან, როდესაც უკრაინას გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს ჰპირდებიან.

„უკრაინა, ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, აშკარად არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმის მიუხედავად, თუ რას შეიძლება დაჰპირდნენ მას ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების ლიდერები“, - აღნიშნა მან.

მადიარმა მაგალითად სერბეთი მოიყვანა. მისი თქმით, ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებების ექვსი მიმართულებიდან მხოლოდ ორი გახსნა.

მადიარის შეფასებით, ილუზორული დაპირებების გაცემა და ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური მიზეზებით გამორჩევა „ორმაგი თამაშია“.