როდესაც მეკითხებიან, კმაყოფილი ხარ თუ არა ირანის წინააღმდეგ მოქმედებით, ვპასუხობ, აბსოლუტურად, რადგან მათ ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შევუშალე - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედებით „სწორი გადაწყვეტილება“ მიიღო, რადგან, მისი თქმით, ამით თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა შეუზღუდა.

„როდესაც ადამიანები მეკითხებიან, კმაყოფილი ხართ თუ არა, რომ ეს გააკეთეთ, მე ვპასუხობ – აბსოლუტურად, რადგან მათ ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შევუშალე. მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე”,- განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ამასთან, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, მისი მთავარი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, რუსეთი და უკრაინა ყოველთვიურად ათიათასობით ადამიანს კარგავენ.

„შეხედეთ, მე უბრალოდ მინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ძალიან მარტივია. ისინი ყოველთვიურად 25 000 ადამიანს კარგავენ – რუსეთი და უკრაინა. ორივე მხარე უამრავ ადამიანს კარგავს. რუსეთი შეტევაზეა, ამიტომ ისინი ცოტა მეტ დანაკარგს განიცდიან. როდესაც ომში შეტევაზე ხარ, უფრო მეტ დანაკარგს განიცდი, მაგრამ ორივე მხარე საშუალოდ 25 000 ადამიანს კარგავს. გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 32 000 იყო. ძირითადად ეს ჯარისკაცები არიან. იცით, არის გარკვეული დანაკარგები ქალაქებშიც – მაგალითად, როდესაც რაკეტა კიევში შენობას ხვდება, ეს ძალიან მძიმეა. მაგრამ ისინი თვეში 25-დან 30 ათასამდე ჯარისკაცს კარგავენ. უბრალოდ მინდა, რომ ეს დასრულდეს. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. იცით, მე რვა ომი დავასრულე. ამ რვიდან ოთხი ბევრად უფრო რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს. მეგონა, ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა“,- განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა უკრაინაში ომის დასრულება ასეთი რთული, ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთი სძულთ, ამიტომ, შეთანხმების მიღწევა ძალიან უჭირთ.