პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო

pentagoni

პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო. ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.

როგორც „ენბისი“ იუწყება, პენტაგონმა დაიწყო იმ ფაილების გამოქვეყნება, რომლებიც უცნობ ანომალიურ მოვლენებს (UAP/UFO) ეხება.

„ამერიკელი ხალხი ამ საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა და პრეზიდენტი ტრამპი ამ მოთხოვნას ასრულებს,“- განაცხადეს პენტაგონში.

დოკუმენტების პირველი სერია უკვე განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე. სამხედრო უწყების განცხადებით, საჭიროებისამებრ გამოქვეყნდება ახალი მასალაც. ამ ეტაპზე გასაჯაროებულია 162 ფაილი პენტაგონის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ნასას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივებიდან. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის დეტალური ანალიზი მანამდე არავის უცდია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სამთავრობო დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულება თებერვლის ბოლოს გასცა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ამ თემის მიმართ „უზარმაზარი ინტერესით“ ახსნა.