პეკინმა უარყო „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პეკინმა უარყო „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან დისკუსიის დროს ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანული გამოცემის პუბლიკაცია „სრული გამონაგონია“.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ პუტინმა შეიძლება, „ინანოს“ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება. რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით სხვა დეტალები გამოცემას არ მოჰყავს.

ჩინეთში ტრამპის ვიზიტი 13–15 მაისს გაიმართა. ეს იყო მისი მეორე შეხვედრა სი ძინპინთან თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. „ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერის სავარაუდო განცხადებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჩინეთში პუტინის ვიზიტის ფონზე, რომელიც 19–20 მაისს შედგება.