„რა თავზარდამცემი ამბავია...“ - ანსამბლი „ლეჩხუმი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1794582402
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩხეს „ფორინ ეფეირსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აკრიტიკებს ომისთვის მზადყოფნის სტრატეგიას, რომელსაც ევროკავშირმა ბოლო პერიოდში დაუჭირა მხარი.
„ცენტრისტი ლიდერებიც კი ომისთვის მზადყოფნის რიტორიკას იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ომის დაწყება არ სურთ, მათი სიტყვები სახიფათო მილიტარისტულ აზროვნებას აძლიერებს“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სანჩესი ომისადმი საკუთარ წინააღმდეგობას ესპანეთის სამოქალაქო საზოგადოების მრავალწლიან ანტისაომარ მოძრაობას უკავშირებს. ის იხსენებს მოძრაობას „არა ომს!“, რომლის ფარგლებში, ესპანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა მას შემდეგ, რაც ხოსე მარია ასნარის კონსერვატიულმა მთავრობამ 2003 წელს ერაყში შეჭრას დაუჭირა მხარი. სანჩესი აცხადებს, რომ თავადაც მონაწილეობდა იმდროინდელ დემონსტრაციებში. ამასთან, პედრო სანჩესი წერს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ოპტიმიზმის დიდ საფუძველს ვერ ხედავს.
„ამ გზის ბოლოს კიდევ ერთი მსოფლიო ომია“, – წერს სოციალისტი ლიდერი და პლანეტის განადგურების საფრთხეზე საუბრობს.
სტატიაში, რომელშიც სანჩესი მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ხედვებს აჯამებს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემის შესუსტება „ზრდის იმის ალბათობას, რომ ნებისმიერი კრიზისი სწრაფად გადაიზარდოს პლანეტარული მასშტაბის განადგურებაში“.
სტატიაში სანჩესი იცავს საკუთარი მთავრობის გადაწყვეტილებებს, მათ შორის მადრიდის უარს, აშშ-ს ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები გამოეყენებინა ირანის წინააღმდეგ ომში.
„ეს არ ყოფილა მოკავშირის მიმართ მტრული ქმედება. არც ნეიტრალიტეტის გამოხატვა და არც ირანის რეჟიმის მიმართ სიმპათია“, – წერს სანჩესი.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შეფასებას, რომ კონფლიქტში ჩართვა ესკალაციას შეუწყობდა ხელს. სანჩესის თქმით, „მშვიდობისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ესპანეთს მზადყოფნა უნდა გამოეჩინა, უარი ეთქვა მაშინაც კი, როდესაც ამას პოლიტიკური ფასი ჰქონდა“.
„სხვა ქვეყნებსაც რომ იგივე გაეკეთებინათ, ღაზასა და ირანში ომების წარმოება გაცილებით რთული და ძვირად ღირებული იქნებოდა“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.
ამასვე სტატიაში პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად აფასებს სპეციალურად შექმნილ საერთაშორისო გაერთიანებებს, მათ შორის „მსურველთა კოალიციას“, რომელიც 34 ქვეყანას აერთიანებს და რომლის წევრებმაც უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების ვალდებულება აიღეს. სანჩესი მსგავს ინიციატივებს მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის არაეფექტიანობას უკავშირებს.
სტატიაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს რეფორმირებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ცვლილებები უნდა შეეხოს გაერო-ს უშიშროების საბჭოსაც, რომელიც „დღევანდელ მსოფლიოს არ ასახავს“. სანჩესი მოითხოვს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ვეტოს უფლების მკაცრად შეზღუდვას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება „მასობრივ სისასტიკეს, გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებს“. ამასთან, ის მხარს უჭერს მომავალში ვეტოს უფლების სრულ გაუქმებას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გამოდის წინადადებით, გაიზარდოს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების უფლებამოსილების ვადა, ხოლო ადგილები უპირატესად აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს მიენიჭოთ.