პედრო სანჩესი: ჯორჯია მელონის საჯაროდაც ვუცხადებ სოლიდარობას ამ თავდასხმის ფონზე, რაც არც პოლიტიკურია და არც პირადული, არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ეს

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ სოლიდარობას უცხადებს.

როგორც სანჩესმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მელონიზე თავდასხმები არც პოლიტიკურია და არც პირადული.

„რაც შეეხება მელონის, მინდა, ვთქვა, რომ აქ ორი საკითხია. პირველი – მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებ; მეორე კი ისაა, რომ ეს მხოლოდ საჯაროდ არ მითქვამს, ამის შესახებ პირადადაც ვესაუბრე თავად ევროპული საბჭოს ფარგლებში. მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე ამ თავდასხმის ფონზე, რომელიც არც პოლიტიკური ხასიათისაა და არც პირადული. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ აღვწერო ეს“, – განაცხადა სანჩესმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.