პანჩიზე ნუღარ ნერვიულობთ... - იაპონიის ზოოპარკი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

პანჩი

იაპონიაში იჩიკავას ზოოპარკის თანამშრომლები მაკაკა პანჩის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ. ზოოპარკის დირექციის განცხადებაში წერია, რომ პანჩის გამო ახლა ნერვიულობა აღარ არის საჭირო, რადგან  მაკაკა უკვე ნაკლებად არის სხვა მაიმუნების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. ამის შესახებ წერს Daily Star.

პანჩი, პატარა იაპონური მაკაკა, ინტერნეტვარსკვლავი მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხუტებოდა ის ძველ, ფუმფულა სათამაშო-მაიმუნს, მას შემდეგ რაც  დედამ მასზე უარი თქვა. პანჩის სხვა მაიმუნებთან შეგუებაც გაუჭირდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგრესიულად ექცევიან მას ზრდასრული მაკაკები. რის შემდეგაც შეშინებული პანჩი დასამალად მის ერთადერთ მეგობართან, სათამაშო ორანგუტანგთან გარბის.

კადრებმა, სადაც ის სათამაშოს ისე ებღაუჭება, როგორც დედას, მილიონობით ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია.

ამჯერად კი, ზოოპარკის თანამშრომლები პანჩის გულშემატკივრებს მიმართავენ და სთხოვენ, რომ მაკაკაზე ნერვიულობა შეწყვიტონ.  მათი თქმით, მაკაკების მკაცრ იერარქიულ საზოგადოებაში ასეთი „ქცევა“ ნორმად ითვლება და აგრესია არ არის. თანამშრომლების განმარტებით, პანჩი სწავლობს ჯოგში ქცევის წესებს და ახლა მას უფრო და უფრო მეტი თანამოძმე უჭერს მხარს. ასევე იზრდება დრო, რომელსაც ის სათამაშოს გარეშე ატარებს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ პანჩის ჯგუფიდან გამოყოფა არ შეიძლება, ეს მას ნორმალური ცხოვრების შანსს წაართმევს. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტს რამდენიმე ზედმეტად აქტიური მაკაკი დროებით გადაიყვანეს სხვა ადგილზე, პატარა მაიმუნის მიმართ გადაჭარბებული აგრესიის გამო, მთლიანობაში პანჩის მდგომარეობა ნორმალურად მიიჩნევა.

თანამშრომლებს სურთ, რომ საბოლოოდ პანჩმა შეძლოს სათამაშოს გარეშე ყოფნა და ღამით სხვა მაიმუნებთან ერთად დაძინება.