პალესტინის ადმინისტრაცია: მივესალმებით დონალდ ტრამპის გულწრფელ და მტკიცე ძალისხმევას ღაზაში ომის დასასრულებლად

მაჰმუდ აბასი

პალესტინის ადმინისტრაცია მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გულწრფელ და მტკიცე ძალისხმევას ღაზაში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ ნათქვამია პალესტინის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც „ბიბისი“ პალესტინურ სააგენტო Wafa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, პალესტინის ადმინისტრაცია ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს აშშ-თან, რეგიონულ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან ომის დასასრულებლად ყოვლისმომცველი შეთანხმებით, რომელიც უზრუნველყოფს ღაზაში საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას და მძევლების, პატიმრების გათავისუფლებას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პალესტინის ადმინისტრაცია მზადაა, ომის დასრულებიდან ერთი წლის ვადაში ჩაატაროს ახალი არჩევნები და ჩამოაყალიბოს ახალი უსაფრთხოების ძალები.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სურვილს თანამედროვე, დემოკრატიული და არამილიტარიზებული პალესტინური სახელმწიფოსადმი, რომელიც იქნება პლურალიზმისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების ერთგული“, – ნათქვამია პალესტინის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.