პაკისტანმა საუდის არაბეთში ჯარისკაცები, სამხედრო ავიაცია და დრონები გაგზავნა

სამხედრო ავიაცია

„როიტერის“ ინფორმაციით, პაკისტანმა საუდის არაბეთს გაუგზავნა რვა ათასი სამხედრო მოსამსახურე, 16 ერთეული „ჯეიეფ-17“-ის ტიპის პაკისტან-ჩინეთის ერთობლივი წარმოების სამხედრო თვითმფრინავი, დრონების ორი ესკადრილია და ჩინური წარმოების „ეიჩქიუ-9“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

აღჭურვილობას პაკისტანელი პერსონალი მართავს და საუდის არაბეთი აფინანსებს.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პაკისტანმა საუდის არაბეთთან გასულ წელს გაფორმებული თავდაცვის პაქტის ფარგლებში მიიღო.

გასულ წელს ხელმოწერილი თავდაცვის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია, თუმცა ორივე მხარემ განაცხადა, რომ ის პაკისტანსა და საუდის არაბეთს ავალდებულებს, თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთი დაიცვან. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა ადრე მიანიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება საუდის არაბეთს პაკისტანის ბირთვული ქოლგის ქვეშ აქცევს.