OpenAI-ს დახმარებით ხელოვნური ინტელექტით სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ქმნიან

OpenAI

 OpenAI-ს იმის დამტკიცება სურს, რომ ხელოვნურ ინტელექტს (AI) ფილმების ჰოლივუდზე უფრო სწრაფად და ბიუჯეტურად შექმნა შეუძლია. ახლა კომპანია სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გენერირებაშია ჩართული, რომელსაც "Critterz" ეწოდება და მას ეკრანებზე მომდევნო წელს ვიხილავთ.

ანიმაცია ტყეში მცხოვრები არსებების შესახებაა, რომელთა სოფელსაც უცხო ანადგურებს, რითაც მათი სათავგადასავლო მოგზაურობა იწყება. სიუჟეტი OpenAI-ს შემოქმედებითი სპეციალისტის, ჩად ნელსონის, მიერაა მოფიქრებული. მან პერსონაჟების ჩანახატების შექმნა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო და კომპანიის DALL-E სისტემით მოკლე ვიდეო დააგენერირა.

ახლა ის ლონდონსა და ლოს ანჯელესში მდებარე კინოსტუდიებს —Vertigo-სა და Native Foreign-ს — ეთანამშრომლება, რათა ანიმაციური ფილმის სრულმეტრაჟიანი ვერსია მაისში კანის კინოფესტივალზე წარადგინოს. გუნდს სურს, რომ პროდუქტი დაახლოებით 9 თვეში იყოს მზად. შედარებისთვის, ხელოვნური ინტელექტის გარეშე ამას 3 წლამდე პერიოდი დასჭირდებოდა.

 

 

 "Critterz-ის" ბიუჯეტი 30 მილიონ დოლარზე ნაკლებია. ფილმი თითქმის მთლიანად AI-ს გამოყენებით შეიქმნება, მაგრამ მონაწილეობას ადამიანებიც მიიღებენ, მათ შორის გამხმოვანებლები და მხატვრები. ჩანახატებს OpenAI-ს ისეთი სისტემებისთვის გამოიყენებენ, როგორიც GPT-5-ია.

ხელოვნური ინტელექტი Disney-სა და Netflix-შიცაა დანერგილი, მაგრამ მთლიანად მასზე დამყარებული პროდუქტი ჯერ არ გამოუშვიათ. პირიქით, ისინი საკუთარ საავტორო უფლებებსაც კი იცავენ. მაგალითად, ივნისში ტექნოლოგიურ კომპანია Midjourney-ს Disney-მ და Comcast Universal-მა უჩივლა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, მისი ტექსტი იმ გუნდმა დაწერა, რომელიც ანიმაცია "Paddington in Peru-ზე" მუშაობდა. "Critterz-ის" გენერაცია უკვე დაწყებულია და გახმოვანებისთვის მსახიობებს მომდევნო რამდენიმე კვირაში შეარჩევენ. პროექტს Federation Studios აფინანსებს, რომელიც კინოსტუდია Vertigo-ს მფლობელია.

OpenAI-ში ამბობენ, რომ თუ ფილმი წარმატებული იქნება, ეს ჰოლივუდში ამგვარი ტექნოლოგიის ადაპტირებას დააჩქარებს.