„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“ - ტრამპი
1757537945
გველები წყალსა და ხმელეთზე თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა მათ ჰაერში მოძრაობაც შეუძლიათ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით ფრენა არაა, რადგან აღმასვლა არ გამოსდით, თუმცა ქვემოთ მართლაც გასაოცარი სიზუსტითა და კონტროლით ეშვებიან.
საუბარია სამხრეთ აზიისა და ინდონეზიის არქიპელაგზე გავრცელებულ გველებზე, რომლებიც Chrysopelea-ს გვარის 5 სახეობას წარმოადგენენ. ისინი ხეებზე ცხოვრობენ და ანკარასებრთა ოჯახში ერთიანდებიან. მათი სხეულის ზომა 75-დან 120 სანტიმეტრამდე მერყეობს, საიდანაც პირველი Chrysopelea pelias-ს სახეობას შეესაბამება, მეორე კი — Chrysopelea rhodopleuron-ს. ამ ქვეწარმავლებს "ფრენის" დროს 100 მეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ და 11 მ/წმ. სიჩქარეს აღწევენ.
მართალია, ეს სახეობები სუსტ შხამს წარმოქმნიან, მაგრამ ტოქსინის გამომყოფი კბილები პირის ღრუს უკანა ნაწილშია განლაგებული. მფრინავი სახეობების შხამი ადამიანისთვის ნაკლებად საშიშია, რადგან მის გამოსათავისუფლებლად მსხვერპლის დაღეჭვაა საჭირო. ისინი მღრღნელებს, ჩიტებს, ღამურებსა და ხვლიკებს ჭამენ, რომლებსაც ხეებზე პოულობენ. შესაბამისად, მათ მიწაზე ჩამოსვლა არც სჭირდებათ.
ამის მიუხედავად, ისინი ხიდან ხეზე "ფრენის" მეშვეობით გადადიან, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას ფრთების გარეშე?
ეს გველები სხეულის დაკლაკნის მეშვეობით საკმარის ენერგიას იკრებენ და მიმართულებას სწორედ ასე აკონტროლებენ. მანამდე ისინი ტოტის ბოლოში ინაცვლებენ, თავით მას ნელ-ნელა შორდებიან და კუდის ნაწილით "ხტებიან", თან იკლაკნებიან, რათა სამიზნემდე მიაღწიონ. ამ დროს მათი სხეული ჯერ J-ის ფორმას იღებს, ჰაერში ყოფნისას S-ის, ბოლოს კი— C-ის. გველების "ფრენის" მიზანი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, ისინი ასე მტაცებლებს გაურბიან, ადგილს ხმელეთზე გადაადგილების გარეშე იცვლიან ან მსხვერპლს იჭერენ.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცხოველებში ამგვარი ბიოლოგიური მექანიზმი გავრცელებულია, მათ შორის მფრინავ დრაკონებში, მფრინავ ციყვებსა და მფრინავ ბაყაყებში (Rhacophorus nigropalmatus). ამის მიზეზი იქ არსებული დიპტეროკარპული ხეებია, რომლებიც სიმაღლით გამოირჩევა და თითქმის უტოტებო ქვედა ტანი აქვს. ამგვარი მახასიათებლების გამო არამფრენ ცხოველებს მცენარეებზე გადასაადგილებლად განსხვავებული ფიზიონომია განუვითარდათ.