ონლაინ მაღაზიების ვერცხლის სამკაულებში ტოქსიკური მეტალი აღმოაჩინეს - რას წერს BBC

ვერცხლი

პოპულარულ ონლაინ მაღაზიებში სტერლინგის ვერცხლად რეკლამირებული სამკაულები ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.

BBC-ის გადაცემა The One Show-ის საგამოძიებო რუბრიკა Watchdog-ის ფარგლებში ჟურნალისტებმა Amazon-ზე, eBay-ზე, Temu-ზე, Etsy-სა და OnBuy-ზე 25 სამკაული შეიძინეს.

მათ შორისაა სამაჯური, რომლის ფასიც 1.55 გირვანქა სტერლინგი იყო, და საყურეები, რომლებიც 1.99 გირვანქა სტერლინგი ღირდა.

ექსპერტებმა 25-ვე ნივთი შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ 8 მათგანი კადმიუმს შეიცავდა იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე კანონმდებლობით დაშვებულია. სტერლინგის ვერცხლის კატეგორიას კი მხოლოდ 2 მიეკუთვნებოდა.

კადმიუმი ტოქსიკური მძიმე მეტალია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო პირველი კატეგორიის კანცეროგენად მიიჩნევს. ეს ნივთიერება, ორგანიზმში მოხვედრისას ან ჩასუნთქვისას ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია. კანონით დაშვებული ზღვარი 0.01%-ია, შემოწმებული სამკაულებიდან ზოგიერთი კი 10%-მდე კადმიუმს შეიცავდა.

BBC-ის ცნობით, ზღვარზე მეტი ასეთი შემცველობის 8 ნივთიდან 3 შეიძინეს Amazon-იდან, 3 - Temu-დან, თითო-თითო კი OnBuy-დან და Etsy-დან.

✕