„ნეტავ, მევარჯიშა" - ჰარი პოტერის მსახიობი ნანობს, რომ თავის სხეულს ყურადღებას არ აქცევდა

მირიამ მარგოლიზი

ინგლისელ-ავსტრალიელი მსახიობი მირიამ მარგოლიზი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ჰარი პოტერში შესრულებული როლით იცნობენ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხისთვის უფრო ადრე უნდა მიექცია ყურადღება. უახლეს ინტერვიუში, 84 წლის მსახიობი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ახალგაზრდობაში ვარჯიშით დაკავებულიყო.

"ჩემი სხეული გავაწბილე, მისთვის ნორმალურად არ მიმიხედავს", — აცხადებს მარგოლიზი, — "ახლა გადაადგილებისთვის ყავარჯენი მჭირდება. ნეტავ, მევარჯიშა. დროის კარგვა კია, მაგრამ ცხოვრების გაგრძელებაში გეხმარება. ასე რომ, სულელურად მოვიქეცი".

ინტერვიუში მსახიობს ასევე ჰკითხეს, იფიქრებდა თუ არა პრეპარატ ოზემპიკის მიღებაზე, რომელსაც არაოფიციალურად იყენებენ წონის კორექციისთვის.

"არანაირად", — მტკიცე უარით უპასუხა შეკითხვას მარგოლიზმა, — "ეს პრეპარატი დიაბეტისთვისაა. არ უნდა მიიღო წამლები, რომლებიც მართლა დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. აი, საკვების რეკლამა კი, ვფიქრობ, ტელევიზიით არ უნდა ხდებოდეს". 

ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს (BAFTA) მფლობელმა მსახიობმა ასევე თქვა, რომ თუკი დამოუკიდებლად ცხოვრებას ვეღარ შეძლებს, ევთანაზიის გაკეთებას ისურვებდა.

"არ მინდა, ნელა გავიარო ტკივილისა და სირცხვილის პერიოდი", — ამატებს იგი, — "თუკი ინსულტის შედეგად ვეღარ ვილაპარაკებ, ბუნებრივი მოთხოვნილებების შეკავებას ვეღარ შევძლებ ან სულაც სრულ ჭკუაზე აღარ ვიქნები, ევთანაზიას მოვითხოვდი. იმიტომ, რომ მინდა, იმად დავრჩე, ვინც ვარ. არ მინდა, იმაზე ნაკლები ვიყო, ვიდრე შემიძლია".

აღსანიშნავია, რომ მარგოლიზმა, რომელსაც ოსტეოპოროზი და სპინალური სტენოზი აწუხებს, ჯანმრთელობის პრობლემების ქონაში წინათაც საკუთარი თავი დაადანაშაულა; 2023 წლის ინტერვიუში, მსახიობმა ამის მიზეზებად თავისი "მსუნაგობა და თვითდისციპლინის არქონა" დაასახელა.

"კანფეტების, პაშტეტის, ჩიზქეიქის და მსგავსი უაზრობების გამო, ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობა შევამცირე", — განაცხადა მარგოლიზმა მაშინ, — "ასეთი მსუნაგი არ უნდა ვყოფილიყავი, მეტი ნებისყოფა უნდა გამომეჩინა".