ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ სინვარი მოკლეს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუჰამედ სინვართან ერთად მოკლულია „ჰამასის“ მაღალი რანგის რამდენიმე პირი.

მუჰამედ სინვარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში მაისის შუა რიცხვებში გავრცელდა. არსებული ცნობებით, ის ხან-იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწისქვეშა გვირაბზე განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლეს.

მუჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის ოქტომბერში ისრაელმა მისი უფროსი ძმა იაჰია სინვარი მოკლა.