ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში

მეთიუ უიტაკერი

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტთა სიაში ევროპას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.

უიტაკერმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოში წამყვან როლს ასრულებს და შესაბამის სახსრებს გამოყოფს. თუმცა, მან მოუწოდა მოკავშირეებს, ყურადღება მიაქციონ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიას.

„ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ფილოსოფიას. ამჟამად ეს ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ პირველ ადგილზე ჩვენთვის, როგორც იცით, ჩვენი სამშობლოა. მეორეზე - ჩვენივე ნახევარსფერო, დასავლეთ ნახევარსფერო. მესამეზე - წყნარი ოკეანის რეგიონი, ხოლო მეოთხეზე - ევროპა“, - განაცხადა უიტაკერმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ თავის საქმიანობაში პრიორიტეტები სწორედ ასე გაანაწილა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ევროპაზე უარს ამბობს.

"ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ ევროპელებს - რადგან ჩვენ, როგორც იცით, უკან არ ვიხევთ - გადადგან ნაბიჯი წინ, წამოგვეწიონ და შეგვხვდნენ იქ, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ“, - თქვა მან ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების მოცულობის კონტექსტში.

უიტაკერმა ასევე დაუშვა, რომ მომავალი გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მოქმედებები შესაძლოა ევროპაში რუსეთის მოქმედებების პარალელურად განვითარდეს, მათ შორის იმ ქმედებების, რომლებიც ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ყოფნის ბლოკირებისკენ იქნება მიმართული.