მსოფლიოში მხოლოდ 500 ასეთი პასპორტი არსებობს - ვის ეკუთვნის ყველაზე იშვიათი ჟოლოსფერი სამგზავრო დოკუმენტი

მალტის პასპორტი

ეს „ტერიტორიის გარეშე არსებული ქვეყანა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი პასპორტით იწონებს თავს, მიმოქცევაში სულ დაახლოებით 500 ეგზემპლარია. საუბარია მალტის ორდენის დიპლომატიურ პასპორტებზე, - წერს net.hr.

მალტის ორდენი, ანუ მალტის რაინდები, არა მხოლოდ თითქმის ათასწლოვანი ისტორიის მქონე კათოლიკური რელიგიური ორდენია, არამედ საკუთარი კონსტიტუციის მქონე სუვერენული სუბიექტიც - თანაც საკუთარი ტერიტორიის გარეშე. ორდენს აქვს არა მხოლოდ საკუთარი პასპორტები, არამედ საფოსტო მარკები, ვალუტა და სანომრე ნიშნებიც კი ავტომობილებისთვის.

ორდენი, როგორც რაინდთა გაერთიანება, დაახლოებით 1099 წელს იერუსალიმში დაარსდა, ხოლო 1530 წელს ესპანეთის მეფემ მას მალტის არქიპელაგი უბოძა. თუმცა, 1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით საფრანგეთის შეჭრის შემდეგ, რაინდებს მალტის დატოვება მოუწიათ. დღეს მალტის ორდენის რეზიდენცია რომში მდებარეობს. მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 13 500 რაინდი, დამა და კაპელანი ირიცხება, და მათგან მხოლოდ ასამდე ადამიანი ცხოვრობს მალტის კუნძულებზე.

მსოფლიოში უიშვიათესი პასპორტი;

მალტის ორდენმა პირველი პასპორტების გაცემა XIV საუკუნეში დაიწყო. მისი დიპლომატები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ დოკუმენტებით, რომლებიც მათ ელჩის სტატუსს ადასტურებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიპლომატიურმა პასპორტმა თანდათან სხვა ქვეყნების პასპორტების მახასიათებლები შეიძინა.

დღეს მიმოქცევაში სულ დაახლოებით 500 ასეთი პასპორტია, რაც მათ მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათეს სამგზავრო დოკუმენტად აქცევს. ჟოლოსფერი პასპორტი, რომელიც, შესაძლოა, ქრისტეს სისხლის სიმბოლო იყოს, განკუთვნილია სუვერენული საბჭოს წევრებისთვის, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მასზე ოქროსფერი ასოებით ფრანგულ ენაზე აწერია ორგანიზაციის სახელწოდება - Ordre Souverain Militaire de Malte და გამოსახულია მისი გერბი.

ორდენი პასპორტებს თავისი მთავრობის წევრებზე მათი მანდატის ვადით გასცემს. დიდი მაგისტრების პასპორტები ყველაზე დიდხანს მოქმედებს, რადგან მათ ათი წლის ვადით ირჩევენ, შეუძლიათ თანამდებობა მაქსიმუმ ორი ვადით დაიკავონ და პოსტი არაუგვიანეს 85 წლის ასაკისა უნდა დატოვონ. სხვა პასპორტები ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებს და მხოლოდ დიპლომატიური მისიებისთვის გამოიყენება.

✕