მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში გამოცხადდა - საქმის ახალი დეტალები

ჰანდე ერჩელი

2026 წლის 25 მარტს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს, ჰანდე ერჩელი, უკავშირდება. გავრცელებული ცნობების თანახმად, მსახიობის მიმართ დაკავების ორდერი გაიცა ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

საქმე ეხება ფართომასშტაბიან გამოძიებას, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გავრცელების შესაძლო ფაქტებს იკვლევს. აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე 14 პირია დაკავებული.

გამოძიება განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან იგი ცნობილი ადამიანების შესაძლო მონაწილეობასაც მოიცავს, რის გამოც საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჰანდე ერჩელმა სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. მისი თქმით, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თურქეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა სასწავლებლად და მიმდინარე მოვლენების შესახებ მედიიდან შეიტყო.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნდა, რათა სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს და საჭირო განმარტებები გააკეთოს.

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა,“ - განაცხადა მან.

თურქეთში დაბრუნების შემდეგ, მსახიობი სტამბოლში შესაბამის უწყებებში გამოცხადდა და ჩვენება მისცა.

პროკურატურის გადაწყვეტილებით, იგი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - მათ შორის, აიღეს თმისა და სისხლის ნიმუშები, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა აკრძალული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი.

ჰანდე ერჩელი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და გავლენიანი მსახიობია, რომელსაც სოციალურ ქსელებში, მათ შორის Instagram-ზე, 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მის გარშემო განვითარებული მოვლენები დიდ ინტერესს იწვევს როგორც თურქეთში, ისე საერთაშორისო აუდიტორიაში.