მონაკოში, უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი მოკლული იპოვეს - რა წერს მედია

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი იპოვეს

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ქალის ცხედარი 6 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე იპოვეს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

ამავე გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, მონაკოში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ამ დროისთვის ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (HUR) მოქმედი ოფიცერია, ხოლო მეორე – სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს მონაკოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები.

თავდასხმის შემდეგ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მონაკოდან გაქცევა შეძლო და საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, ხოლო სამართალდამცავები თავდასხმის ორგანიზატორებისა და შესაძლო თანამზრახველების დადგენას ცდილობენ.