აშშ-ში 31 წლის ქალი გარდაიცვალა — ოჯახი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მა მათი შვილი მოკლა
1793308615
მომავალი ზამთარი ბევრი ევროპელისთვის რთული იქნება და ჩვენ ეს კარგად გვესმის. სამწუხაროდ, ყოველწლიურად, ევროპაში ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გამო, თითქმის 50 მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი სახლის სათანადოდ გათბობა. წელს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს სირთულეები შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დენ იორგენსენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება რაც შეიძლება სწრაფად შეამცირონ.
„ჩემი გზავნილი წევრი სახელმწიფოების მიმართ სრულიად ნათელია: გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, რათა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება რაც შეიძლება სწრაფად შევამციროთ. ეს ნიშნავს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვას, ელექტროენერგიის გამოყენების გაფართოებას – გაზისა და ნავთობის ქვაბების ჩანაცვლებას, ასევე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლას. ყველა ეს ღონისძიება მხარდაჭერას იმსახურებს და მათ ხელშესახები შედეგების მოტანა მოკლევადიან პერიოდშიც შეუძლიათ“,- აღნიშნა ევროკომისარმა.
დენ იორგენსენის განცხადებით, ამჟამინდელი ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირი 2022 წელთან შედარებით უკეთ არის მომზადებული, რადგან გაზის მოხმარება შეამცირა და ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინა. თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი კრიზისი უფრო სერიოზულია, რადგან ის არა მხოლოდ გაზს, არამედ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც მოიცავს.
„ამ კრიზისთან გასამკლავებლად ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2022 წელს ვიყავით, რადგან გაზის მოხმარება შევამცირეთ – ამჟამად 18 პროცენტით ნაკლებ გაზს მოვიხმართ. გარდა ამისა, მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ. მანამდე, გაზის 45 პროცენტს რუსეთიდან ვიღებდით, რაც უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში გვაყენებდა. ახლა კი გაზს მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლისგან ვიღებთ. რა თქმა უნდა, ვითარება შეიცვალა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს კრიზისი უფრო სერიოზულია, რადგან ის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებსაც მოიცავს“ – განაცხადა იორგენსენმა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ გასულ ზაფხულს თვითმფრინავების საწვავით მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები გამოვლინდა. ამჟამად მსგავსი ვითარება არ არის და საწვავის მიწოდების უსაფრთხოების კუთხით კრიზისი მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მისი თქმით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მოსახლეობასა და ბიზნესს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
„გასულ ზაფხულს თვითმფრინავების საწვავით მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები გამოვავლინეთ. ამჟამად მსგავსი ვითარების წინაშე არ ვდგავართ და მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიზისს არ ველოდებით. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მომარაგების კრიზისი არ არის, გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საკუთარი ავტომობილისთვის საწვავის შეძენა ან სახლის გათბობა არ შეუძლიათ, პროდუქტის ხელმისაწვდომობას აზრი ეკარგება, თუ მათ მისი შეძენის საშუალება არ აქვთ. იგივე ეხება ჩვენს ბიზნესს, რომელიც სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ დამატებითი ღონისძიებები ამ მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად“- განაცხადა იორგენსენმა.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი დამატებითი ზომების მიღების საკითხსაც განიხილავს, რათა ენერგორესურსებზე ფასების ზრდით გამოწვეული სირთულეები შეამსუბუქოს.
ამასთან, ირლანდიის ენერგეტიკის მინისტრის, დარაგ ო ბრაიენის განცხადებით, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს არ აქვთ ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას დაუყოვნებლივ შეაჩერებენ.
„მნიშვნელოვანია, ნათლად ვთქვათ: ისეთ ენერგეტიკულ კრიზისში, როგორსაც ევროპა ახლა აწყდება, არც ევროკავშირს და არც წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ფასების ზრდას გააქრობდნენ“- განაცხადა ო ბრაიენმა.
მისი განცხადებით, ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნის და შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს.
„დასაკარგი დრო არ გვაქვს: ძალიან სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე ვდგავართ, რომელიც ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნის და სათანადო რეაგირებას მოითხოვს. მოუთმენლად ველი ამ საკითხის განხილვას ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ დენ იორგენსენთან. განვიხილავთ, შესაძლებელია თუ არა დამატებითი ზომების მიღება. ეს აუცილებელია ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად“- განაცხადა ო ბრაიენმა.