სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
მოლდოვაში მასობრივი არეულობის მომზადებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმესთან დაკავშირებით ასობით პირთან ჩხრეკა ჩატარდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ამტკიცებს, რომ რიგ შემთხვევაში სამართალდამცველები მის მოკავშირეებთან მივიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მოლდოვის პოლიციაში განაცხადეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა 250 მისამართზე სხვადასხვა დასახლებაში. მათივე თქმით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მომზადება კრიმინალური ელემენტების დახმარებითა და რუსეთიდან კოორდინაციით ხდებოდა. მოლდოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არეულობის ორგანიზების საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა ოთხ ციხეშიც.
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომლის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ბლოკი 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ სამართალდამცველების ქმედება ოპოზიციის დაშინებას ისახავს მიზნად და რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მისი პარტია არჩევნების გაუქმებისთვის საბაბს ეძებენ.
დღესვე მოლდოვის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ 25 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე კიშინეუს აეროპორტის ტერმინალთან წვდომა შეიზღუდება. მათი ინფორმაციით, ამ პერიოდში აეროპორტში მხოლოდ ბილეთების მქონე მგზავრებს და პერსონალს დაუშვებენ. სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი დაკავშირებულია მგზავრების ნაკადის ზრდასთან.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება