მოლაპარაკებების ინტერესი არ გვაქვს, ვიდრე ირანი თავდასხმის ქვეშ იმყოფება - ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი

ისმაილ ბაღაი

ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, თითქმის არ რჩება სივრცე რაიმეზე საუბრისთვის, გარდა გადამწყვეტი პასუხისა“, – აღნიშნა ისმაილ ბაღაიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ირანელი ხალხი მზადაა საკუთარი საზღვრების დასაცავად სიცოცხლე გაწიროს.

„ირანელი ხალხისთვის ქვეყნის რუკა წარმოადგენს ყველაფერს, რითაც ყველა ირანელი ამაყობს და მზადაა, სიცოცხლე გაწიროს დასაცავად“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვრები ომის შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ირანის რუკა ომის შემდეგ იმავენაირი აღარ იქნება.