„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის პირობებში შეასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გასახსნელად საჭირო მოთხოვნები, ამიტომ იმედი აქვს, რომ დაპირისპირებისა და რთული ურთიერთობების მიუხედავად, პოლონეთი და უნგრეთი უკრაინის ევროინტეგრაციას არ დაბლოკავენ.
ზელენსკის ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ დაარწმუნებს უკრაინა უნგრეთსა და პოლონეთს, რომ დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირონ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უკრაინამ ყველაფერი შეასრულა, რასაც ბრიუსელი სთხოვდა და ყველა ქვეყნის ინტერესშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, პეტერ მადიარი ამას მხარს უჭერს. ასევე, იმედი მაქვს, პოლონეთის მთავრობაც დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როდესაც ყველას გვაქვს წესები – არა მხოლოდ პოლიტიკური ემოციები, არამედ წესები – ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პოლონეთთან დაპირისპირებაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყურადღება წარსულზე კი არა, აწმყოზე უნდა გამახვილდეს.
„ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენს ისტორიაში გარკვეული სირთულეები გვაქვს. ქვეყნების უმეტესობას წარსულში აქვს სირთულეები, თუმცა ახლა ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, აგრესიის წინაშე ვდგავართ და უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირს, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე მომავალში. ამიტომ ვფიქრობ, კითხვებზე ყოველთვის შეიძლება პასუხის პოვნა, თუ მზად ვართ, ძლიერი მეზობლები ვიყოთ და გვინდა ამ პასუხების პოვნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.