1769028379
მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა სკოლიდან სახლში მიმავალი 5 წლის ბიჭი დააკავა და მამამისთან ერთად დაკავების ცენტრში გადაიყვანა
მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა სკოლიდან სახლში მიმავალი 5 წლის ბიჭი დააკავა და მამამისთან ერთად დაკავების ცენტრში გადაიყვანა. მედია წერს, რომ საიმიგრაციო სამსახურმა სკოლებიდან იზოლატორებში, ჯამში, 5 ბავშვი წაიყვანა. საიმიგრაციო სამსახურის ქმედებების წინააღმდეგ აშშ-ში პროტესტი გრძელდება.
ათასობით მოქალაქე რეიდების შეჩერებას ითხოვს. აქციებზე მიმდინარეობს შეტაკებები, ძალოვნები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ აირს და რეზინის ტყვიებს და ხელკეტებს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, დაკავებულია ათობით პირი.
პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო მინესოტას შტატის გუბერნატორის და მინეაპოლისის მერის წინააღმდეგ. მაღალჩინოსნები ეჭვმიტანილები არიან ფედერალური საიმიგრაციო აგენტებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულებაში. ორივე პოლიტიკოსი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს. ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. CNN-ი წერს, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე, სულ მცირე, ხუთი მაღალჩინოსანი დაიბარა.











