მეცნიერებმა პირველად გამოავლინეს თაობა, რომელიც მშობლებზე ნაკლებ ინტელექტუალურია - კვლევა, რომელიც დაგაფიქრებთ

ზუმერები

წამყვანმა ნეირობიოლოგმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა: მისი თქმით, Z თაობა (ე.წ. ზუმერები) წინა თაობებთან შედარებით კოგნიტური განვითარების შეფერხების ნიშნებს ავლენს. მეცნიერის აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენებაა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

კვლევითი ჯგუფის LME Global-ის ხელმძღვანელმა, ჯარედ ჰორვატმა, აშშ-ის სენატის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოზარდები სკოლაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ისინი ყურადღების, მეხსიერების, კითხვის, მათემატიკისა და საერთო IQ-ის ტესტებში უარეს შედეგებს აჩვენებენ. ჰორვატი ამ ტენდენციას სწავლების პროცესში კომპიუტერებისა და პლანშეტების მასობრივ დანერგვას უკავშირებს.

„მოზარდი სიფხიზლის დროის ნახევარზე მეტს ეკრანის წინ ატარებს,“ — აღნიშნა მეცნიერმა.

ჰორვატის მონაცემებით, კოგნიტური მაჩვენებლების დაქვეითება დაახლოებით 2010 წლიდან დაიწყო და უკვე 80 ქვეყანაში ფიქსირდება. მისი თქმით, პრობლემა არა პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხში, არამედ თავად სწავლების ფორმატშია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ბიოლოგიურ მექანიზმებს - ადამიანს, ევოლუციურად, პირისპირ კომუნიკაციისა და ინფორმაციის ღრმა გააზრებისკენ აქვს მიდრეკილება.