მეცნიერებმა დაადგინეს, მაღვიძარას რომელი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას

მაღვიძარა

მაღვიძარას ხმის ტიპი ამცირებს ძილის ინერციის შედეგს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დგება და ადამიანის აქტიურობას პოტენციურად სახიფათოდ აქვეითებს, აცხადებენ მელბურნელი (ავსტრალია) მეცნიერები.
მათი თქმით, მაღვიძარას მელოდიური ზარი ადამიანს უფრო სწრაფად აღვიძებს და ამასთან ის უფრო მხნედ გრძნობს თავს.

მკვლევრები ამ დასკვნამდე მეცნიერული ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობდა.

მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარას ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში – მხნედ, ბურანში თუ სხვაგვარად.
 
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიგნალის სიმძლავრე, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები გაღვიძების ხარისხზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენდა, ხმოვანი სიგნალის ტიპი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის მონაწილეების თვითშეგრძნებას.

მაგალითად, ცდის იმ მონაწილეებს, რომელთა მაღვიძარაც ხმამაღალ და მკვეთრ ბგერებს კი არ გამოსცემდა, არამედ რაიმე მელოდიას უკრავდა, იშვიათად უჭირდათ გამოფხიზლება. ამასთან, მეცნიერების თქმით, რაც უფრო მელოდიური იყო სიგნალი, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული მხნე მდგომარეობა. „ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მაღვიძარას კლასიკური, მკვეთრი წრიპინი უფრო სწრაფად და ეფექტურად გააღვიძებდა ადამიანს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მელოდიური ჟღერადობა ამ მხრივ უფრო ეფექტური იყო. ეს დიდი მოულოდნელობაა“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტიუარტ მაკფარლეინმა. კვლევის თანაავტორის, ასოცირებული პროფესორის ადრიან დაიერის აზრით, მაღვიძარას არაბუნებრივი და მკვეთრი სიგნალები გაღვიძების მომენტში არღვევს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დამატებითი კვლევებით შეძლებენ დაადგინონ ისეთი მელოდია მაღვიძარასთვის, რომელიც ბევრად ხარისხიან გაღვიძებას უზრუნველყოფს.