მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დ'არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს

დარტანიანის საფლავი

ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ეკლესიაში, აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც შესაძლოა ფრანგ მუშკეტერ დ'არტანიანს ეკუთვნოდეს. ალექსანდრ დიუმას ცნობილი რომანის გმირის პროტოტიპი რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქალაქში დაიღუპა. ნეშტი თანამედროვე ეკლესიაში იპოვეს, რომლის ისტორიაც სულ მცირე XIII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენა თებერვალში, იატაკის ნაწილობრივი ჩამონგრევის შემდეგ დაწყებული სარემონტო სამუშაოების დროს გაკეთდა.

დიაკვან იოს ვალკეს თქმით, რომელიც პირველ გათხრებს ესწრებოდა, მაასტრიხტში ჩონჩხის გვერდით ფრანგული მონეტა იპოვეს. „გარდა ამისა, საფლავის მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო: ჩონჩხი იქ იპოვეს, სადაც ადრე საკურთხეველი იდგა, იმ დროს კი საკურთხევლის ქვეშ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ან სხვა გავლენიან პირებს მარხავდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ჩონჩხი ეკლესიიდან უკვე გადაასვენეს და ახლა ნიდერლანდების აღმოსავლეთით, დევენტერის არქეოლოგიურ ინსტიტუტში იმყოფება. 13 მარტს ნეშტიდან აიღეს დნმ-ის ნიმუში, რომელიც ამჟამად მიუნხენის ლაბორატორიაში მოწმდება.

შარლ ოჟე დე ბატს დე კასტელმორმა, რომელიც ცნობილია როგორც დ'არტანიანი - ლუი XIII-ისა და ლუი XIV-ის ლეგენდარული მუშკეტერი, მთელი ცხოვრება საფრანგეთის გვირგვინის სამსახურს მიუძღვნა. სწორედ ეს გასკონელი აზნაური გახდა ალექსანდრ დიუმას XIX საუკუნის მსოფლიო ბესტსელერის, „სამი მუშკეტერის“ მთავარი გმირის პროტოტიპი.