1795672376
მედია: აშშ-ის პირველი ლედის ჩართულობით, კიდევ 9 უკრაინელი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ხელმძღვანელობით განხორციელებული ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 9 უკრაინელი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე და რუსულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ოჯახებს დაბრუნებული ბავშვების საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენს.
ბოლო თვეების განმავლობაში მელანია ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიურ პროცესში სულ უფრო აქტიურ როლს ასრულებს. ორივე მხარემ აღიარა მისი წვლილი გასულ თვეში, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ფრონტისპირა ქალაქ ოლეშკის მიმდებარედ, ექვსდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში.
"დღეს ცხრა ბავშვი დაუბრუნდა თავის ოჯახებს, რაც რუსეთისა და უკრაინის ლიდერების სრული თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც მელანია ტრამპის სიტყვებს ციტირებს.
გამოცემის ცნობით, ამ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, რუსეთის ბავშვთა უფლებების საკითხებში ომბუდსმენმა, მარია ლვოვა-ბელოვამ, Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ცხრა ბავშვი რუსეთიდან და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მიემგზავრება, უკრაინასა და გერმანიაში, რათა ოჯახებს დაუბრუნდნენ.











