1795672376
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ბათუმის პორტში", ბრალდებულის სახელზე ჩამოსული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს მალულად მოთავსებული, 41 შეკვრად დაფასოებული 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში", რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 19-262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











