მარკო რუბიო ადასტურებს, რომ დრონი დუბაიში, აშშ-ის საკონსულოს შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა

მარკო რუბიო

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ადასტურებს, რომ დრონი დუბაიში, აშშ-ის საკონსულოს შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

„ვნახე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დუბაიში მდებარე საკონსულოს შესახებ. ბოლო განახლება, რაც ამ კამერებთან მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე მივიღე, იყო ის, რომ დრონი სამწუხაროდ შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა და შემდეგ იქ ხანძარი გაჩნდა. როგორც იცით, ჩვენ დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალის გაყვანა წინასწარ დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი საელჩოები და ჩვენი დიპლომატიური დაწესებულებები ტერორისტული რეჟიმის პირდაპირი თავდასხმის ქვეშ არიან“, – განაცხადა რუბიომ.

როგორც „ბიბისი“ წერს, საკონსულო ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან და საუდის არაბეთის საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს.

ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს იმ ამერიკელების დასახმარებლად, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის დატოვება სურთ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, 1500-ზე მეტმა ამერიკელმა მოითხოვა სახელმწიფო დეპარტამენტისგან დახმარება.

„ჩვენ ვიცით, რომ შევძლებთ მათ დახმარებას. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ არ ვაკონტროლებთ საჰაერო სივრცეს“, – აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის 9000-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის 300-ზე მეტი ისრაელიდან.