მარინ ლე პენი: ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა - ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაში

მარინ ლე პენი

საფრანგეთის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტი, მარინ ლე პენი ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება და აკრიტიკებს მცდელობას, რომ ევროკავშირის მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტზე შეთანხმება საფრანგეთის არჩევნებამდე ბევრად ადრე, წელსვე იქნას მიღწეული. მან ამ პროცესს „ფარული პოლიტიკური მანევრები“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლე პენმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის მოთხოვნას სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, მისი თქმით, „ამის მიზეზებს საერთო არაფერი აქვს ჩვენი ფერმერების დაცვასთან“ და მიზანი შეთანხმების ნაჩქარევად დამტკიცებაა მანამ, სანამ ის 2027 წლის არჩევნებში პოტენციურად გაიმარჯვებს.

„ჩვენი ქვეყანა დეფოლტისა და სოციალური მღელვარების ზღვარზეა. ჩვენი ლიდერები ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე უნდა მუშაობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ფარული პოლიტიკური მანევრებით სცადონ, ხელი შეუშალონ ფრანგ ხალხს საკუთარი დემოკრატიული ნების გამოხატვაში“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

თავის მხრივ, სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის არჩევნების ფაქტორი ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიებზე გარკვეულ გავლენას ნამდვილად ახდენს, ევროკავშირის სხვა ლიდერები ლე პენთან დაკავშირებული ვადების შესახებ გავრცელებულ ნარატივს უარყოფენ. კერძოდ, ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას „საფრანგეთში არჩევნების ნამდვილად არ ეშინია“.

✕