1751215735
მალალა იუსაფზაი ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს

ცნობილი პაკისტანელი აქტივისტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი ოქტომბერში ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს. როგორ ვიპოვე ჩემი გზა — ასე ჰქვია მემუარებს, რომელსაც მალალა "ქაოსურ, გულწრფელ და ზოგჯერ მტკივნეულად სასაცილო" მონათხრობს უწოდებს.
"როცა 15 წლის ვიყავი, მსოფლიომ ჩემი სახელი იცოდა, მაგრამ რეალურად არავინ მიცნობდა", - წერს მალალა ინსტაგრამზე, - "ჩემი ახალი წიგნი ყველაზე პირადული რამაა, რაც კი ოდესმე დამიწერია. ესაა ამბავი მეგობრობაზე, პირველ სიყვარულზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და საკუთარი თავის აღმოჩენაზე; იმაზე, თუ როგორ ცდილობ საკუთარი მეობის შენარჩუნებას, როცა ყველა გკარნახობს, თუ ვინ ხარ. ეს არაა ამბავი, რომელიც გგონია, რომ იცი. ესაა ამბავი, რომლის მოყოლასაც დიდხანს ველოდი".
View this post on Instagram
2009 წელს, მაშინ, როცა მალალა მხოლოდ 11 წლის იყო, ბლოგერი გახდა და BBC-სთვის გოგოების განათლების მნიშვნელობაზე წერა დაიწყო. როდესაც პაკისტანის თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტულმა ორგანიზაციამ გოგოების სკოლაში სიარული აკრძალა, მალალამ თალიბანის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. 2012 წელს, სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე, თალიბანმა იუსაფზაის თავში ესროლა, მაგრამ აქტივისტი გადარჩა და ბრძოლა განაგრძო. შეუპოვრობისთვის მალალამ 2014 წელს ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში და პრესტიჟული ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
პაკისტანში გატარებული ბავშვობა და მოზარდობაში აქტივისტობის გამოცდილება იუსაფზაიმ თავის პირველ ავტობიოგრაფიულ წიგნში, მე ვარ მალალა, ასახა. მე ვარ მალალა, რომელიც ავტორის სამშობლოში არაერთმა სკოლამ აკრძალა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა და მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა.