1776235075
ლონდონში ქურდმა შემთხვევით ფაბერჟეს კვერცხი მოიპარა
ქურდმა პაბში ქალს ჩანთა მოჰპარა, რომელშიც 2,2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ფაბერჟეს კვერცხი იდო.
კომპანია Craft Irish Whiskey Company-ს თანამშრომელი ლონდონის ცენტრში მდებარე პაბში კოლეგებთან ერთად შევიდა სამუშაო ღონისძიების შემდეგ. ამ ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ფაბერჟეს ნაკრები - ბრილიანტებითა და ზურმუხტებით მოჭედილი კვერცხი, რომლის შიგნითაც ოქროს საათი იმალებოდა.
კოლეგები პაბის ტერასაზე განთავსდნენ. ჩანთა ძვირფასი ნივთებით, რომელიც ოფისში უნდა დაებრუნებინა, გოგონამ ფეხებთან დაიდო. გარკვეული დროის შემდეგ მან ტელეფონზე შეტყობინება მიიღო, რომ მისი ბარათით შენაძენი განხორციელდა. ასე გაარკვია, რომ ჩანთა მოჰპარეს.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თავიდან ქურდი პაბის სხვა კლიენტის გაძარცვას ცდილობდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. მაშინ ის ტერასაზე გადავიდა, ფეხით თავისკენ მიაჩოჩა მსხვერპლის ჩანთა და დაწესებულება შეუმჩნევლად დატოვა.
ქურდი 29 წლის ენცო კონტიჩელო აღმოჩნდა. მან მსხვერპლის საბანკო ბარათი იქვე, მეზობელ სასურსათო მაღაზიაში გამოიყენა და მცირე შენაძენი გააკეთა. კონტიჩელო ამტკიცებს, რომ ჩანთის დანარჩენი შიგთავსი გადააგდო. მისი თქმით, არ იცოდა, რა იდო ჩანთაში და უბრალოდ „იოლი ფულის“ შოვნა სურდა.
უიღბლო ქურდს 27-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კვერცხის პოვნა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სადაზღვევო კომპანიამ ძვირფასი ნაკრების მფლობელებს 106 700 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.












