1790884478
კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა - დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა. დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა.
„ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის უჩვეულოდ ბრძნული სიტყვები, რომელიც ღიად ამბობს, რომ ევროკავშირის ისტერიკა რუსეთით დაშინებაზე არცერთ ფაქტს არ ეყრდნობა“, - დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პირები რუსეთს „საფრთხობელად“ იყენებენ, რათა საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ საკუთარ წარუმატებლობებზე მიგრაციის, ეკონომიკისა და შიდა პოლიტიკის სფეროებში.
დმიტრიევის რეაქცია მოჰყვა სინკევიჩიუსის მიერ სამშაბათს, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მოსკოვი ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს ამზადებს.
„მიმაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ არსებობს საფრთხე, მაგრამ არ შეგვიძლია გადაჭარბება და იმის თქმა, რომ უახლოეს თვეებში ან კვირებში რაიმე მოხდება“, - განაცხადა სინკევიჩიუსმა.
მან დასძინა, რომ პირადად ჰკითხა რუტეს, არსებობდა თუ არა რაიმე მტკიცებულება ან სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის მზადებაზე: „სინამდვილეში, ასეთი მონაცემები არ არსებობს. რისკი რჩება, თუმცა ის არ იცვლება - არც იზრდება და არც მცირდება. შესაბამისად, ვფიქრობ, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება და სწორედ ამას ვაკეთებთ“.












