კირ სტარმერი: მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა

კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი თავდაცვისთვის დამატებით 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები 2029 წლისთვის წელიწადში 80 მილიარდ ფუნტს მიაღწევს. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაყოფად ზოგიერთი საგზაო და ენერგეტიკული პროექტი გაუქმდება.

„მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა. ეს გეგმა წარმოადგენს ჩვენს საუკეთესო შეფასებას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ქვეყანას ამ მომენტში. ახლა, წინა მთავრობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიზრუნეთ ამ გეგმის სრულად დაფინანსებაზე, თავდაცვის ბიუჯეტი დეტალურად შევისწავლეთ. ეს ასევე გახდის ბრიტანელ ხალხს უფრო უსაფრთხოს ჩვენი შეიარაღებული ძალების თაობათა ტრანსფორმაციის განხორციელებით, უკრაინის გაკვეთილების სწავლით, რათა მოდერნიზდეს ჩვენი სამხედრო ძალები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან როგორც დღევანდელი, ასევე ხვალინდელ ომებში საბრძოლველად“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერის თქმით, თავდაცვის ინვესტიციების გეგმა დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს გააძლიეროს თავისი საერთაშორისო ლიდერობა და „ააშენოს უფრო ევროპული ნატო“. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე ავითარებს ზუსტ დარტყმით იარაღს გერმანიასთან ერთად, აშენებს ფრეგატებს ნორვეგიასთან ერთად რუსული წყალქვეშა ნავების მოსაძებნად, მაგრამ თავდაცვის ინვესტიციების გეგმით კიდევ უფრო შორს წავა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმა (DIP) მოიცავს 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გამოყოფას დრონებისა და ავტონომიური იარაღის გამოყენების გაზრდისთვის.  ის ასევე მოიცავს სამეფო საზღვაო ძალების „ჰიბრიდულ საზღვაო ფლოტად“ გადაქცევის გეგმებს, თვითმართვადი გემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამხედრო ხომალდებთან და თვითმფრინავებთან ერთად და ექვსი ახალი სამხედრო გემის დამატებას.