ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება
1768925643
კიევში მილიონზე მეტი აბონენტი – ელექტროენერგიის, 4000-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ კიევში ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა. შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა გათბობის გარეშეა – 4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სიტუაციის შემსუბუქებისკენ. მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ წინადადებები, თუ როგორ დავიცვათ სიცოცხლე, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს. საჭიროა ბიზნესთან მაქსიმალური კოორდინაცია: როგორ გადავანაწილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, არსებული მოხმარება, რათა ხალხმა იგრძნოს სიტუაციის სტაბილიზაცია, და რა დამატებითი დახმარების პროგრამებია საჭირო ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს განხილული და პასუხები უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც დღეს მთავრობის წარმომადგენლებს დავუსვი. პირადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება – ხვალ ველოდები ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კონკრეტულ, მკაფიო ჩამონათვალს. ყოველი საათი ენერგეტიკის სექტორს უნდა დაეთმოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული მასშტაბური რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების, კერძოდ, დრონების ჩამოგდების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო.
„კიევი ურთულეს მდგომარეობაშია. დღეს დილით, კიდევ ერთხელ, „შაჰედის“ დრონებმა რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს. საჰაერო ძალების მოქმედება „შაჰედების“ წინააღმდეგ არადამაკმაყოფილებელია. ჩვენ გვყავს გამანადგურებლები, მაგრამ საჰაერო ძალების ოპერაციების ორგანიზება განსხვავებული უნდა იყოს. ჩვენ ეს სიტუაცია თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა უკრაინის დელეგაციას, რომელიც აქტიურად მუშაობს აშშ-სა და ევროპასთან პოტენციურ შეხვედრებსა და დახმარების პაკეტებთან დაკავშირებით.
„მე ვესაუბრე ჩვენს დელეგაციას – უმეროვს, ბუდანოვს, არახამიას. ისინი აქტიურად მუშაობენ ამერიკულ მხარესთან, ევროპელ წარმომადგენლებთან პოტენციურ შეხვედრებსა და დახმარების პაკეტებზე. ყოველდღიურად საჭიროა საჰაერო თავდაცვის რაკეტები, იარაღი, აღდგენითი აღჭურვილობა და რეზერვები. თუ დავოსის ფორმატი ამას მიაღწევს – უკრაინისთვის რეალურ შედეგებს – უკრაინა იქ წარმოდგენილი იქნება. არავის სჭირდება ცარიელი პოლიტიკა ან უშედეგო საუბრები.
ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე. ყველა თანამდებობის პირი, ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო კომპანიებისა და ენერგეტიკული კომპანიების ყველა ხელმძღვანელი – ყველა აქ უნდა იყოს, უკრაინაში, იმუშაოს ქალაქებში, სოფლებში, იმ ადგილებში, სადაც აღდგენა და დაცვაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.