1768763069
აუცილებლად ვაგრძელებთ ჭიათურაში ბრძოლას - მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულებიდან ორს 6 წლით და 3 თვით, კიდევ ორს კი 4 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ერთ-ერთი მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე მედიასთან აცხადებს, რომ ისინი ჭიათურაში ბრძოლას კვლავ აგრძელებენ.
"ორ ადამიანს, გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს გამოუტანა განაჩენი 6 წლის და 3 თვის ვადით, ხოლო რაც შეეხება თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს, 4 წლითა და 3 თვის ვადით. ჩვენ აუცილებლად ვაგრძელებთ ჭიათურაში ბრძოლას. თითქმის 1 წელია, რაც ქუჩაში ვიმყოფებით და ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას", - განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს, ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას. ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ დაზარალებულს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანება.












