კაცი OpenAI-სა და სემ ალტმანს უჩივის - მისი მტკიცებით, ChatGPT-მ მეუღლეს ქმრის მოწამვლის გეგმის შემუშავებაში შეუწყო ხელი (უცხოეთი)

ოპენ აი

ამერიკელი მამაკაცი OpenAI-სა და სემ ალტმანს უჩივის - მისი მტკიცებით, ChatGPT-მ მეუღლეს ქმრის მოწამვლის გეგმის შემუშავებაში შეუწყო ხელი.

ჯეიმს გეიტსი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ქალს არა მხოლოდ სახიფათო ინფორმაციას აწვდიდა, არამედ თვეების განმავლობაში უმძაფრებდა ეჭვებს ქმრის მიმართ. საქმის დეტალებს გამოცემა Los Angeles Times ავრცელებს.

ჯეიმსმა მეუღლე, შერილი, ChatGPT-ს თავად გააცნო. თავდაპირველად ქალი ჩატბოტს სამუშაოსა და ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად იყენებდა, თუმცა მოგვიანებით მასთან ოჯახურ პრობლემებზეც დაიწყო საუბარი.

როდესაც წყვილმა განქორწინების შესაძლებლობა განიხილა, შერილმა ChatGPT-ს გაუზიარა შიში, თითქოს ქმარი მისთვის ფულისა და შვილების წართმევას აპირებდა. სარჩელის თანახმად, ჩატბოტი ქალის ეჭვებს ამყარებდა და ჯეიმსს სახიფათო, მანიპულაციისკენ მიდრეკილ ადამიანად წარმოაჩენდა.

მოგვიანებით ქალმა ხელოვნურ ინტელექტს საწამლავი ნივთიერებებისა და მედიკამენტების შესახებ კითხვები დაუსვა. მოსარჩელის მტკიცებით, ChatGPT მას აწვდიდა ინფორმაციას სასიკვდილო დოზებზე, გაკვეთის დროს საწამლავის აღმოჩენის შესაძლებლობასა და დანაშაულის კვალის დაფარვაზე.

სარჩელში მიმოწერის ფრაგმენტებიც არის მოყვანილი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ჩატბოტი განმარტავდა, რატომ შეიძლებოდა ქმრისთვის ჩვეული ენერგეტიკული სასმელი უცხო გემოს დასაფარად გამოეყენებინათ.

2025 წლის ზაფხულში ჯეიმსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მძიმე შეტევა დაახლოებით სამი დღე გაგრძელდა. მამაკაცს აწუხებდა მუცლის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, გულის მუშაობის დარღვევა და ცნობიერების დაბინდვა. როგორც თავად ამტკიცებს, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ შეტყობინების გამართულად დაწერაც კი უჭირდა. გეიტსი ეჭვობს, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება შესაძლოა იმ ნივთიერებებს უკავშირდებოდეს, რომლებსაც მეუღლე სასმელში უმატებდა.

2025 წლის სექტემბერში მამაკაცმა მეუღლის ხელნაწერი ჩანაწერები აღმოაჩინა. ფურცლებზე ჩამოთვლილი იყო საშიში ნივთიერებები, მათი დოზები და მინაწერი — „სასიკვდილო“. ჩანაწერის დასაწყისში ასევე მითითებული იყო შეხსენებები მიმოწერის წაშლისა და ChatGPT-დან გამოსვლის შესახებ.

აღმოჩენის შემდეგ ჯეიმსმა პოლიციას მიმართა. შერილს მკვლელობის მცდელობისა და საკვებისა თუ სასმლის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების ბრალდებები წაუყენეს.

თუმცა 2026 წლის აპრილში პროკურატურამ ქალის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიზეზად მტკიცებულებების არასაკმარისობა დასახელდა. შესაბამისად, ჯეიმსის ბრალდებები მეუღლის მიერ მისი მოწამვლის შესახებ სასამართლოს მიერ დადასტურებული ფაქტი არ არის.

მიუხედავად ამისა, მამაკაცი ახლა სამოქალაქო სარჩელით ცდილობს პასუხისმგებლობა დააკისროს OpenAI-სა და კომპანიის ხელმძღვანელს, სემ ალტმანს. მისი მტკიცებით, კომპანიამ მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები არ მიიღო.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ შერილის ანგარიში დაბლოკეს და გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მომხმარებელთა უსაფრთხოება დეველოპერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

✕