კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

 მარკ კარნი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოტავასა და ვაშინგტონს შორის სატარიფო დავის შემდეგ კანადა და ევროკავშირი ურთიერთობების გამყარებისკენ ისწრაფვიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საპატიო სტუმრების მოწვევა მსგავს ღონისძიებებზე იშვიათი არ არის, თუმცა კარნის მონაწილეობა წინა წლებთან შედარებით უფრო პოლიტიკური ხასიათისაა.

„პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკავშირსა და კანადას შორის კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გამყარების საბაბი გახდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ.

გასულ კვირას კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩაიშალა.

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კანადურ საქონელზე, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ახალი გადასახადები შეცდომაა და საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსა.