კანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

კანადა ხანძარი

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ განაცხადა.

ხანძარი ვეინრაიტის სამხედრო ბაზაზე გაჩნდა, რომელიც კანადაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამხედრო სასწავლო ცენტრია. კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბაზაზე ყოველდღიურად დაახლოებით 690 სამხედრო მოსამსახურე და 300 სამოქალაქო თანამშრომელი იმყოფება. ობიექტი, ძირითადად, სროლების წვრთნებისთვის გამოიყენება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა და ბაზის შემოღობილი ტერიტორიის საზღვრებს გასცდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მომხდარს სერიოზული ინციდენტი უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.

✕