შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769533174
ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.
მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
„ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან დიდი სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი ევროკავშირისა და ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას. პაქტი ყოველწლიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგით იწყება – პირველი შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება – და აღრმავებს თანამშრომლობას საზღვაო უსაფრთხოების, კიბერსაკითხების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ჩვენ ასევე შევისწავლით ინდოეთის მონაწილეობას ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში. მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მთელ მსოფლიოში. ძლიერი პარტნიორობა ჩვენს ძალას აძლიერებს“, – წერს კაია კალასი.
ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტაც.
როგორც ანტონიუ კოშტა აცხადებს, ტარიფების დაწესების ნაცვლად, ევროკავშირი და ინდოეთი ერთად მოქმედებენ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის დასაცავად.
„ევროკავშირი და ინდოეთი ვალდებულნი არიან, ერთად იმოქმედონ, როგორც სტაბილურობის ლიდერებმა სულ უფრო ფრაგმენტირებულ და მრავალპოლარულ სამყაროში.
ევროკავშირ-ინდოეთის მე-16 სამიტმა სამი მთავარი შედეგი გამოიღო: ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სტაბილიზატორია. ტარიფების ნაცვლად პარტნიორობის შეთავაზება აჩვენებს, როგორ მოქმედებენ ევროკავშირი და ინდოეთი ერთად საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის დასაცავად; უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საფრთხეების სრული სპექტრის მოსაგვარებლად და ჩვენი მოქალაქეების, საერთო ინტერესების უკეთ დასაცავად ევროპაში, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონსა და გლობალურად; მომავლის საერთო გზამკვლევი 2030 წლის ერთობლივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული დღის წესრიგის მეშვეობით, ჩვენი პრიორიტეტების ენერგეტიკის, კავშირისა და მობილობის საკითხებში გაერთიანებით“, – წერს კოშტა.
ცნობისთვის, ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. შეთანხმების მიხედვით, 2032 წლისთვის ევროკავშირი ინდოეთში ექსპორტს გააორმაგებს. ინდური მხარე კი ევროპულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს ან საერთოდ გააუქმებს. როგორც მედია წერს, შეთანხმების ამოქმედებას სავარაუდოდ ერთი წელი დასჭირდება.