კაია კალასი აცხადებს, რომ მოლდოვას ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დაჩქარება სურს და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი გაწევრიანებისთვის დაბრკოლება არ იქნება

კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაჩქარება სურს.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ევროკავშირს ამ კუთხით სწრაფი რეაგირება სურს.

„ჩვენ თარიღი ჯერ არ დაგვიდგენია, მაგრამ ცხადია, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ,“ – განაცხადა კაია კალასმა მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, კალასის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობის შეცვლამ შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქამდე, ვიდრე არავინ გამოდის მოლდოვის წინააღმდეგ, რადგან არასდროს იცი, როდის მოვა ხელისუფლებაში მთავრობა, რომელსაც შეიძლება ორმხრივი პრობლემები ჰქონდეს,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ მოლდოვამ რეფორმების გატარების კუთხით პროგრესს მიაღწია და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი არ გახდება დაბრკოლება მოლდოვის ბლოკში გაწევრიანების გზაზე.

თავის მხრივ, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა ვალდებულია, გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს 2028 წლისთვის.