ჯეი დი ვენსი: თუ „შათდაუნი“ მადლიერების დღემდე გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფად იქცეს

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, თუ „შათდაუნი“ მადლიერების დღემდე გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფად იქცეს.

მისი თქმით, საავიაციო სექტორში დასაქმებული ადამიანები ხელფასს დიდი ხანია ვერ იღებენ და იძულებულნი ხდებიან, სხვა სამსახური ეძებონ. ეს კი დიდ შეფერხებებს გამოიწვევს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც, დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

„ეს შეიძლება კატასტროფა იყოს, რადგანაც ამ ეტაპზე ადამიანები სამ-ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ მივა, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარენი, ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როცა უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება? რა მოხდება, როცა ხალხს საათობით მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს, გვინდა, რომ მათ საქმიანი ვიზიტებით იმოგზაურონ, გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ „დემოკრატები“ მთავრობას ხელახლა არ გახსნიან“, - განაცხადა ვენსმა.