დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული ჩარჩო შეთანხმება მათ უფლებას აძლევს, სამხრეთ ლიბანში შექმნილი ბუფერული ზონა შეინარჩუნონ.
„ჩვენ (ბუფერულ ზონას) შევინარჩუნებთ მანამ, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება და ვიდრე ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხე იარსებებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს ასევე მძიმე დარტყმაა ირანისთვის.
„ირანი ცდილობს ძალის გამოყენებით სამხრეთ ლიბანიდან გასვლისკენ გვიბიძგოს. ფაქტობრივად, ისრაელი, ლიბანი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ეუბნებიან – ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ ლიბანში არანაირი როლი არ გაკისრიათ. არც თქვენ, არც „ჰეზბოლას“ და არც რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში.
მისივე განცხადებით, ისრაელი ლიბანის არმიას საშუალებას აძლევს, დაიწყოს მომზადება ტერიტორიის დასაკავებლად. როგორც ნეთანიაჰუ განმარტავს, ეს ეტაპობრივად, ორი საპილოტე ზონის ფარგლებში განხორციელდება, რომელთაგან ორივე ისრაელის თავდაცვის ძალების რეკომენდაციით შეირჩა.
ამასთან, ჩარჩო შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი გზას უხსნის ისრაელ-ლიბანის შემდგომ შეთანხმებებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოქმედების თავისუფლება შენარჩუნდება უსაფრთხოების ზონაში ნებისმიერი სახის საფრთხის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებს ნეთანიაჰუს ოფისი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.