„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ენერგომატარებლების რეგიონული ექსპორტი ან ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ან მიუწვდომელი ყველასთვის

ენერგომატარებლების რეგიონული ექსპორტი

ენერგომატარებლების რეგიონული ექსპორტი ან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ან ყველასთვის მიუწვდომელი, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ.

მათივე განცხადებით, დახურავენ ყველა საექსპორტო დერეფანს, რომლითაც სარგებლობენ აშშ და მისი მოკავშირეები.

„როიტერი“ წერს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანულ პორტებზე ბლოკადა განაახლა, ირანი, შესაძლოა, მიანიშნებდეს იემენელი „ჰუსიტების“ დახმარებით ბაბ-ელ-მანდების სრუტის დახურვაზე, რომელიც არის წითელ ზღვაზე გასასვლელი და რომლის გავლით საუდის არაბეთის ნავთობი ექსპორტზე გაედინება.

ბაბ-ელ-მანდების სრუტის დახურვაზე მზაობა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა ჯერ კიდევ ორი დღის წინ გამოთქვა. მისი დახურვის შემთხვევაში ნავთობის ფასი, შესაძლოა, ბარელზე 200 დოლარამდე გაიზარდოს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანმა გასულ კვირას შვიდ კომერციულ ხომალდს გაუხსნა ცეცხლი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამერიკის მიერ ირანის სანაპიროს გასწვრივ ათობით სამიზნეზე მიტანილ საპასუხო იერიშს, ირანული მხარის ცნობით, სულ მცირე, 30 მშვიდობიანი მოქალაქე და შვიდი სამხედრო ემსხვერპლა.