ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის

ირანი და აშშ

ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ირანის მოლაპარაკებათა ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ჯერ დადასტურებული არ არის.

ირანსა და აშშ-ის შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია.  Axios-მა, Reuters-მა და AP-მ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ის ახლა დონალდ ტრამპის მაგიდაზეა საბოლოოდ დასამტკიცებლად.

Axios-ის ცნობით, 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ჰორმუზის სრუტეში „შეუზღუდავი“ გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ არ იარსებებს გადასახადი, შევიწროება და ირანს 30 დღის განმავლობაში მოუწევს სრუტიდან ყველა ნაღმის ამოღება.

ამასთან, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა მოიხსნება, მაგრამ ეს მოხდება კომერციული გადაზიდვების აღდგენის პროპორციულად.