ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოგვიქვეყნებია, რადგან მიმდინარეობს გარკვეული დელიკატური დიპლომატიური პროცესები - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ გამოუქვეყნებია ირანთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი, რადგან მაღალჩინოსნების აზრით, საჭიროა პროცესის სწორი თანმიმდევრობით წარმართვა.

„მიმდინარეობს გარკვეული დელიკატური დიპლომატიური პროცესები, სადაც ირანელებმა და არამხოლოდ ირანელებმა, არამედ ჩვენმა შუამავლებმაც, პაკისტანელებმა და კატარელებმა, გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი სწორი თანმიმდევრობით განვახორციელოთ,“ – განაცხადა ვენსმა.

ვენსმა აღნიშნა ისიც, რომ თავადაც ბოლომდე ვერ ხვდება შეთანხმების ტექსტის საიდუმლოდ შენახვის მიზეზებს.

„არაბულ და მუსლიმურ სამყაროში არსებობს გარკვეული სენსიტიურობები, რომელთა მიმართაც ვცდილობთ, ვიყოთ ყურადღებიანები,“ – თქვა მან.

ამასთან, ვენსმა მიანიშნა, რომ მომავალში ირანთან მოლაპარაკებები თუ ჩავარდება, აშშ შესაძლოა, პროცესს ჩამოშორდეს. მისი შეფასებით, ვაშინგტონი ამჟამად ძლიერ პოზიციაში იმყოფება ორ ქვეყანას შორის ახლახან გამოცხადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შემდეგ.

„ისინი შეთანხმების პირობებს თუ შეასრულებენ, ეს გაცილებით უკეთესი იქნება როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე ირანისთვის”, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც აშშ-სთვის სტრატეგიული ვითარება ხელსაყრელი რჩება.

„შეთანხმებას თუ არ შეასრულებენ, სრუტეები კვლავ ღია იქნება, მათ ბირთვულ პროგრამას უკვე სერიოზული ზიანი მივაყენეთ და ფაქტობრივად, შეგვიძლია, როგორც ქვეყანამ, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ,“ – განაცხადა ვენსმა.